X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ილია ბეგიაშვილი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

23 ოქტომბერი 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულებთან - გიორგი ღურჯუმელიძესთან და პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.

ორივე რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების მდგომარეობა, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების საკითხები და სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები.

საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამუშაო პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

კერძო სექტორთან შეხვედრების შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულებმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად დეტალურად განიხილეს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროცესში არსებული საჭიროებები და 2027 წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები.

გურიის რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო ფონდის დაფინანსებით 400-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 41 მილიონ ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2027 წელს დაახლოებით 200 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება იგეგმება. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მომავალი წლის პროექტების დაგეგმვასა და მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებაზე.

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და განახლებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მათი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებთან და კერძო სექტორთან უშუალო კომუნიკაციის გზით მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების განხილვა და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა.