კახეთში გამწვანების პროგრამის ფარგლებში 1 802 ხე-მცენარე დაირგვება
20 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამწვანების პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ კახეთის რეგიონში გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში, აფენში, ანაგასა და წნორში ჯამში 1 802 ხე-მცენარის დარგვაა გათვალისწინებული.
გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გამწვანების სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ლაგოდეხში ხორციელდება, სადაც პოლკოვოს პარკსა და 26 მაისის ქუჩაზე სულ 616 ახალი ნერგის დარგვაა დაგეგმილი.
პოლკოვოს პარკში 506 ხე-მცენარე დაირგვება, მათ შორის ატლასის კედარი, ლეილანდისა და არიზონის კვიპაროსები, უნგრული ცაცხვი, დეკორატიული ტყემალი, ვერცხლისფერი ნეკერჩხალი და სხვა სახეობები. ქალაქის 26 მაისის ქუჩაზე კი 110 დიდყვავილა მაგნოლიის დარგვაა გათვალისწინებული.
პროგრამა კახეთის სხვა დასახლებებსაც მოიცავს. სოფელ აფენის სკვერში 508 ხე-მცენარე დაირგვება, ძველი ანაგის სკოლის ტერიტორიაზე - 130, ხოლო წნორის ცენტრალურ პარკში - 548 ნერგი.
გამწვანების პროგრამის მიზანია ქალაქებსა და სოფლებში მწვანე სივრცეების განვითარება, საზოგადოებრივი და სარეკრეაციო ტერიტორიების გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უფრო ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნა.
მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროგრამა ითვალისწინებს არსებული საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანებასა და ახალი მწვანე გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს დასახლებების ეკოლოგიური მდგომარეობისა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)