X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კასპში 1 800 ოჯახი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით - ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება

19 ნოემბერი 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტროს მოადგილეებთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, კასპში წყალმომარაგების მიმდინარე პროექტის დეტალებსა და ახალი სერვისცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ქალაქ კასპსა და სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე დამატებითი ბენეფიციენტი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში კასპში გათვალისწინებულია 18 კილომეტრამდე, ხოლო იგოეთსა და მრგვალ ჭალაში - 26 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. ასევე შენდება და რეაბილიტირდება რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და სათავე ნაგებობები.

სამუშაოები მოიცავს გორისა და ქარელის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასაც. შედეგად, გორში, სადგურის დასახლებისა და გელდიაშვილის ქუჩის მოსახლეობა უკვე უზრუნველყოფილია სტაბილური წყალმომარაგებით.

პარალელურად, კასპში შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი, ხოლო გორში არსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.