რევაზ სოხაძე ახალქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ სპორტულ და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
14 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან მელქონ მაკარიანთან ერთად, ახალქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მინისტრმა ახალქალაქში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები განიხილა.
ახალქალაქში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტის მიხედვით, კომპლექსში მოეწყობა დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზები, ასევე სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA), მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშისა და ფარიკაობის დარბაზები.
კომპლექსში ასევე განთავსდება მედიათეკა, ქორეოგრაფიული, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სასწავლო სივრცეები, STEM-კლუბი და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე. ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და გამწვანებული დასასვენებელი ზონა. ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია კომპლექსის პროექტირებაზე მუშაობს.
ამასთან, ახალქალაქში მიმდინარეობს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათების სისტემა და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
ახალქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები მიზნად ისახავს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)