X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს გაეცნო

27 ნოემბერი 2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში დაგეგმილი ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის არეალი დაათვალიერა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში ისტორიული უბნის, გერმანული დასახლების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული და ღვინის ტურიზმის განვითარებას, ისტორიული გერმანული მარნების აღდგენასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანებას.

დაგეგმილია შენობა-ნაგებობების, ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება.

პროექტის მიზანია ბოლნისის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული ურბანული გარემოს შექმნა.