
რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები განიხილა
18 ნოემბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობით გამოწვეული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილა.
შეხვედრას მინისტირს მოადგილე გიორგი კობერიძე, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობამ მინისტრს უშუალოდ გააცნო პრობლემები, რომლებიც მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას უკავშირდება. მოქალაქეების უკმაყოფილება ძირითადად დაზიანებული გზებითა და გადაადგილების შეფერხებებით არის გამოწვეული.
რევაზ სოხაძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაზიანებული გზების ეტაპობრივ აღდგენას, სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტების დადგენილ ვადებში დასრულებისა და სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას.
სამტრედიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს.
წყალმომარაგების ძირითადი ქსელის მშენებლობის ფარგლებში უკვე მოწყობილია დაახლოებით 15 კილომეტრი მაგისტრალური მილსადენი და 87,6 კილომეტრი გამანაწილებელი ქსელი. პარალელურად, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მშენებლობის მეორე პროექტის ფარგლებში მოწყობილია 115,9 კილომეტრი ქსელი, ხოლო სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი 66%-ს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ 7 100-მდე ბენეფიციენტი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ქალაქში ასევე მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი, რომლებიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტები ჯამში დაახლოებით 216 კილომეტრი ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
წყალმომარაგების პროექტების სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის თებერვალში, ხოლო წყალარინების პროექტების - 2027 წლის დეკემბერში იგეგმება.
პროექტების დასრულების შემდეგ სამტრედიის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება.
