თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
18 ნოემბერი 2026
ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 15,8 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტის ფარგლებში, სოფელ სიქთარვაში უკვე მოეწყო წყლის გამწმენდი ნაგებობა და 300 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი. საპოვნელას ტერიტორიაზე დასრულდა 2 000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობა.
ასევე, მოეწყო ორი სატუმბი სადგური, ორი საქლორატორო და სოფლების - რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგებისთვის განკუთვნილი 4,65 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური მილსადენი.
დაგეგმილი 44,5 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელიდან უკვე გაყვანილია 43,6 კილომეტრი. დამონტაჟებულია 74 სახანძრო ჰიდრანტი, ასევე, 1 708 ინდივიდუალური და 175 კომერციული აბონენტის აღრიცხვის კვანძი.
თერჯოლაში დასრულებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრის მშენებლობაც. პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის (SCADA) სისტემის მოწყობა.
ამ დროისთვის პროექტის ფინანსური შესრულება, დადასტურებული სამუშაოების მიხედვით, 86%-ს შეადგენს.
პროექტის დასრულების შედეგად თერჯოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)